logo
ENG



ჯანდაცვა: ე.წ მაუგლის მეთოდით "მომუშავე" პირს ექიმის ლიცენზია არ ჰქონდა, ₾1000-ით დაჯარიმდა

07 ივნ 202115:08
3 წუთის საკითხავი
 
ჯანდაცვა: ე.წ მაუგლის მეთოდით "მომუშავე" პირს ექიმის ლიცენზია არ ჰქონდა, ₾1000-ით დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ მაუგლის მეთოდით მომუშავე ადამიანის საქმე შეისწავლა და როგორც უწყება აცხადებს, 1000 ლარით დააჯარიმა. 

სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ დაჯარიმებული პირი უკანონო საექიმო საქმიანობას ახორციელებდა. 

უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მეთოდით პაციენტებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ე.წ. სამედიცინო მომსახურებას უწევდა, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში, მათ შორის: პედიატრია, ნეონატოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია. 

"ზემოაღნიშნულით დაირღვა, როგორც „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით". - აცხადებს სამინისტრო. 

ჯანდაცვის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მეთოდით მკურნალობა არ არის დანერგილი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი პრაქტიკა.

"ამასთანავე, ამ სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ.

ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პირის მიერ მიწოდებული სერვისის კლინიკური შეფასება. 

იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს". - წერს ჯანდაცვის სამინისტრო. 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ე.წ მაუგლის მეთოდი ბავშვზე ძალადობის ფორმად შეიძლება მიიჩნიოს, ვინაიდან ის ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია, რასაც, განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. 

ჯანდაცვის უწყების ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა.

თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში).

გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს. 


close დახურვა